საგრანტო კონკურსი STEM-ის მომავალი პროფესიონალი 2024
„STEM-ის მომავალი პროფესიონალის“ საგრანტო კონკურსი 2020 წლიდან ხორციელდება და MACS(E)-სა და ფიზიკის სკოლების გამორჩეული ხედვებისა და მიზნების მქონე გოგო სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა ეძლევათ.
კონკურსი პირველი სამი წლის განმავლობაში თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ალუმნის, თამარ მენთეშაშვილის ინიციატივით და დაფინანსებით ხორციელდებოდა. წელს თამართან ერთად MACS(E)-ის სკოლის ალუმნი და "STEM-ის მომავალი პროფესიონალი 2020-ის" ერთ-ერთი გამარჯვებული ანასტასია კვინიკაძე აფინანსებს მეორე გრანტს.
ანასტასიამ მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლა 2022 წელს დაამთავრა, 2020-2022 წლებში Space Neobank-ის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრად მუშაობდა, 2022 წლიდან Impel AI-ის ინჟინერიის დირექტორია. წელს კი გრეის ჰოპერის კონკურსის „აღმოჩენა ახალ თაობაში“ კატეგორიის გამარჯვებული გახდა.
„სტუდენტებს ხარისხიანი განათლების და პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმის გზაზე ბევრ პრობლემასთან შეჭიდება შეიძლება მოუწიოთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ პროცესში მათ ხელი შევუწყოთ, განსაკუთრებით, თუ ადგილი დამატებით გენდერულ ბარიერებსაც შეიძლება ჰქონდეს. 4 წლის წინ გავხდი STEM Future Professional-ის სტიპენდიანტი და პირადი გამოცდილებით ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეიძლება იყოს მსგავსი პროექტები სტუდენტებისთვის. სულ მინდოდა მსგავს ინიციატივას მეც შევერთებოდი - წელს გრეის ჰოპერის ჯილდოს მფლობელი გავხდი და გადავწყვიტე ეს გრანტი ისეთი გოგონასთვის გამეზიარებინა, რომელსაც კარიერული განვითარების კონკრეტულ ეტაპზე ის ბევრად უფრო წაადგებოდა.“ - ანასტასია კვინიკაძე
თამარ მენთეშაშვილი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის 2014 წლის კუსდამთავრებულია. მან სწავლა გააგრძელა The University of Edinburgh-ის სამაგისტრო პროგრამაზე საერთაშორისო საბანკო სამართლის და ფინანსების მიმართულებით. ასევე მოიპოვა დოქტორის ხარისხი Shanghai Jiao Tong University-ში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების რეგულირების მიმართულებით. თამარი თანამედროვე ტექნოლოგიების სექტორში საქმიანობს 2014 წლიდან. ის 2019 წელს Forbes 30 under 30-ის სიაში დასახელდა ამავე მიმართლებით. ამჟამად ის არის Solana Foundation-ში, სადაც ხელმძღვანელობს Stablecoin-ების მიმართულებას.
"თავისუფალმა უნივერსიტეტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი ცხოვრების მიმართულების განსაზღვრაში. ამ გრანტითა და ალუმნი ფონდის დახმარებით ძალიან დიდი სურვილი მქონდა, თავისუფალი უნივერსიტეტის მაქსისა და ფიზიკის სკოლების სტუდენტებისთვის გაგვეზიარებინა ჩემი რესურსები STEM სფეროში.
წელს კიდევ უფრო განსაკუთრებულია ჩემთვის ეს საგრანტო კონკურსი - ანასტასია, რომელიც თავად არის ამ გრანტის ერთ-ერთი გამარჯვებული, ახლა თავადაც ჩაერთო ამ ინიციატივაში და ერთიანი მონდომებით და რესურსებით შევეცდებით დავუდგეთ მხარში იმ 2 სტუდენტს, ვისთვისაც ეს დაფინანსება მნიშვნელოვანი საჭიროებაა." - თამარ მენთეშაშვილი
სააპლიკაციო პროცესი: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ MACS(E)-სა და ფიზიკის სკოლის ამჟამინდელ სტუდენტ გოგოებს. კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე, მონაწილეებმა უნდა შეავსონ ფონდის ვებგვერდზე განთავსებული აპლიკაცია, შემდეგ შერჩეულ აპლიკანტებთან ჩატარდება გასაუბრება. გრანტს მოიპოვებს ორი სტუდენტი, დაფინანსდება თავისუფალ უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სწავლის საფასური, რომელიც სტუდენტს ცოდნის ფონდისა და სახელმწიფო გრანტის (არსებობის შემთხვევაში) გამოკლების შემდეგ დარჩება გადასახდელი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, აპლიკაცია 25 აგვისტოს ჩათვლით შეავსოთ. კონკურსის გამარჯვებული სექტემბერში გამოვლინდება.
*კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია MACS(E)-სა და ფიზიკის სკოლის ყველა გოგო სტუდენტს, გარდა წინა წლების კონკურსის გამარჯვებულებისა.